ტურის ფარგლებში მოინახულებთ ისტორიულ ციხესიმაგრეს, აქ განთავსებულ მუზეუმს, მეჩეთს, ეკლესიას და ეზოს. ნახავთ მწვანე მონასტერს და მის უდიდეს სიწმინდეს. ეწვევით კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსს.
ტური მწვანე მონასტრით იწყება. მწვანე მონასტერი მე-9 საუკუნის ქრისტიანული ძეგლია. მონასტერი მთლიანად ჩაფლულია მწვანე ბუნებაში და მისი მონახულება ერთი სიამოვნებაა. ეკლესია უხეში ქვითაა ნაგები და დეკორი თითქმის არ აქვს, რის გამოც ავთენტურადაა შერწყმული ბუნებასთან. XVI საუკუნეში შაჰ-თამაზის შემოსევებისას, მონასტერი დაარბიეს, აქაური ბერები აწამეს და მოკლეს. მონასტრის ტერიტორიაზე ბერების დაღვრილი სისხლის ნაკვალევების ნახვა შეგიძლიათ, რომელიც სასწაულებრივად, უხრწნელადაა შემონახული - ეს ტაძრის უდიდესი სიწმინდეა.
შემდეგი გაჩერება ისტორიული ციხესიმაგრეა ახალციხეში, რომელიც თარიღდება მე-9 საუკუნით. არქიტექტურული სტილის ნაზავით ის ასახავს რეგიონის მდიდარ ისტორიას სხვადასხვა იმპერიის ქვეშ, აქ წარმოდგენილია მეჩეთები, ეკლესიები და ციტადელი. დღეს რაბათის კომპლექსი მნახველებს თავისი ისტორიით, კულტურული მრავალფეროვნებით და განსაკუთრებული მდებარეობით იზიდავს, აქედან მოჩანს ახალციხის ულამაზესი ხედები.
ბოლო გაჩერება ვარძიაა. ეს XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსია, ერუშეთის მთაზე, ასპინძის მახლობლად. ციხე-ქალაქი ცამეტ იარუსადაა აშენებული, კომპლექსში 15 ეკლესიაა, მათ შორის გამორჩეული კი ღვთისმშობლის მიძინებისაა. ეკლესია კედლის მხატვრობით გამოირჩევა, რომელზეც შეგიძლიათ ნახოთ გიორგი მესამე, თამარ მეფე, სახარების ციკლის სცენები და მრავალი სხვა. აღსანიშნავია, რომ თამარის სულ 4 გამოსახულება გვაქვს, რომელთაგანაც ეს ყველაზე ადრინდელია.
- ტრანსპორტაცია - მძღოლი გამოგივლით და წაგიყვანთ ტურზე, დასრულების შემდეგ კი დაგტოვებთ იმავე მისამართზე.
- მძღოლი - გიდი
- შესვლის საფასურები
- ეკლესიაში შესვლისას ქალბატონებს უნდა ჰქონდეთ თავსაბურავი და ეცვათ ქვედაბოლო. ეკლესიაში კაცის შესვლა შორტებით აკრძალულია
- ჩაიცვით კომფორტული ტანისამოსი და ფეხსაცმელი
- ტური ინდივიდუალურია. მონაწილეთა მინიმალური რაოდენობაა 1, მაქსიმალური - 8
- ხანგრძლივობა: 9-10 საათი
- თარიღები: ყოველ დღე
- მონაწილეობა არაა შეზღუდული ასაკით
- რაბათში შესვლა უფასოა, თუმცა კომპლექსს ორი დონე აქვს, მეორე დონის მოსანახულებელი ფასი 7 ლარია უფროსებისთვის. ფასში შედის მუზეუმის მონახულებაც.
- ვარძიაში შესვლის ფასი: ზრდასრულებისთვის - 15 ლარი, ბავშვებისთვის 6 წლამდე - უფასოა